მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას აპირებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას აპირებს.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ გუშინდელი დღიდან აგორებული კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების ფაბრიკაციის თუ მათი გავრცელებისთვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ეს მიზნად, წინასაარჩევნოდ, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას ისახავს.